დეკემბერში 12 ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის ორი აჭარაში - შსს 

22 დეკემბერი 2021, 11:33 1522 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა დეკემბერში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ორი აჭარაში. 

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა.

''2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინია" ამოღებული'' - აცხადებენ სამინისტროში. 

22 დეკემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი