ბონდო თედორაძე 3 500 ლარით დააჯარიმეს - ის ციხისძირში აქციის დროს დააკავეს 

21 დეკემბერი 2021, 15:18 1297 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში აქციის დროს დაკავებული ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბონდო თედორაძე 3 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

2000 ლარის გადახდა მოუწევს კიდევ ერთ დაკავებულ რობიზონ გვიანიძეს. 

რაც შეეხება კიდევ სამ პირს, მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით მხოლოდ სიტყვიერი შენიშნა მისცეს. 

სხდომას ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბონდო თედორაძე არ ესწრებოდა. 

რობიზონ გვიანიძე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

''ამ ბრალდებას და ჯარიმებს უსაფუძვლოდ მივიჩნევ. ადამიანებს სიტყვის თავისუფლებას  უხშობენ. ცდილობენ შეგვაშინონ, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმებენ. ჩვენ სიმართლისთვის ყოველთვის ვიბრძოლებთ'' - განაცხადა რობიზონ გვიანიძემ. 

პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ხუთი პირი, 5 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადგილობრივები ციხისძირში სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, რომელშიც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა განთავსდეს.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში