სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მე-12 დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრი

17 დეკემბერი 2021, 19:44 1058 ნახვა

ჩვენ როდესაც გვექნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-N12 დაწესებულებაში რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.

"პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან, მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე ვინც არ უნდა იყოს, იქნებოდა ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამ ქვეყანაში ყველა არის თანასწორი და ჩვენ მარადჟამს ვიქნებით ამ პრინციპის დამცველი. კანონის წინაშე თანასწორობა კონკრეტულად პენიტენციურ სისტემაში გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება შესაბამისი წესით არის დაცული. თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა მის ყოფილ სტატუსს, ამ შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები და ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი პატიმრის უფლებადამცველს, ასევე სხვა გულშემატკივარ ადამიანსაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. ესეც კონსტიტუციური ჩანაწერია და კარგად იციან ამ ადამიანებმა ყველა იმ სამართლებრივი შესაძლებლობის შესახებ, რაც მათ აქვთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-N12 დაწესებულებაში რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში