ბათუმის ცენტრალური პარკის დაცვაა საინიციატივო ჯგუფის მიზანი, რომელმაც პარკში საბავშვო კონცერტი გამართა. პარალელურად, ძველი ბათუმის ნაკლებად ცნობილი ფოტოებიც გამოიფინა. მათი მიზანი მოქალაქეების ინფორმირება და პარკის განვითარებაში ამ ქალაქის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებაა. იდეის ავტორების თქმით, უნდა შეახსენონ მერიას, რომ საჭიროა პარკის განვითარების გეგმა და ამის შესრულებაში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩაერთონ. იგეგმება ზოოკუთხის გადატანა, მოქალაქეები სწორედ გამოთავისუფლებული ტერიტორიის სწორად ათვისებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია რეკრეაციული ზონა ინვესტორების ინტერესებისა და მშენებლობების საფრთხის წინაშე დადგეს. მათ უკვე იმუშავეს პროექტზე, რომელშიც ჩამოაყალიბეს ხედვა, როგორი წარმოუდგენიათ პარკი მომავალში.
"ბათუმის ცენტრალური პარკი - სივრცე შენი დასვენებისთვის" პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში.