დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ფორმატი დიალოგის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რის გამოც ის პრეზიდენტის სასახლეში მიღებას არ დაესწრო.
"ჩვენ მივიღეთ მოწვევა, მათ შორის, პირადად ქალბატონი ზურაბიშვილის წარმომადგენლისგან და მე მას გადავეცი მადლობა. დღევანდელი შეხვედრა, პრაქტიკულად, გამორიცხავდა რაიმე ტიპის დიალოგს და ამ დიალოგის შესაძლებლობას, ამაში დავრწმუნდით კიდევაც. ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვა, თავისთავად, საინტერესო იყო და ყველამ მოვისმინეთ. საახალწლო საღამოსგან თავი შევიკავეთ, ვინაიდან, არ გვინდოდა, იქ ვყოფილიყავით, მე პირადად, არ მინდოდა, იქ ვყოფილიყავი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ შემდეგში, როდესაც უკვე დაიწყება საგნობრივი საკითხების განხილვა, იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, ჩვენ არ დავესწრებით.
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია, რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ. რა და რამდენად გამოვა, ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში ჩავერთვები", - აცხადებს მელია