პრეზიდენტის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ მხარეებს შორი შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციის ლიდერების შეფასებით, ისინი ეროვნული თანხმობის პროცესს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კონკრეტულ შედეგამდე მივა.
დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას პრეზიდენტისგან გარკვეულ საკითხებზე მეტი კონკრეტიკა იქნება.
"პრეზიდენტის მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ პროცესი გაგრძელდეს. ის მზად არის, შეხვდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ დეტალებზე საუბარი არ შედგა. იმედი მაქვს შემდეგ პროცესში, როდესაც პარტიებთან შეხვედრა შედგება, ყველა დეტალზე იქნება საუბარი. პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი. დღეს მე ამაზე პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე. მისი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი გაიაროს პარტიებთან შეხვედრის დროს. არ მინდა კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო საბოლოო, რაც მოვისმინეთ. ეს იყო დასაწყისი და იმედი მაქვს, შემდეგ, როდესაც შედგება ჩვენი შეხვედრები დეტალურად გავივლით ყველაფერს. ვიდრე პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან ციხეში ან დაჭერის საფრთხის ქვეშ, ეროვნული შერიგება და თანხმობა ვერ შედგება"- აცხადებს დავით ბაქრაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეროვნულ თანხმობამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, რისთვისაც ერთმანეთის მოსმენის სწავლაა საჭირო.
"თუ ჩვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით და არ მოვუსმენთ, ვერასდროს ჩიხიდან ვერ გამოვალთ. შეიძლება მთავარი საკითხია, ამ შეხვედრის შემდეგ რა იქნება, პრეზიდენტმა თქვა, რომ იქნება აუცილებლად შემდგომი შეხვედრები უკვე ინდივიდუალური სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, საიდანაც გამოვა ის შინაარსი, თუ რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს დიალოგი, შეთანხმება, რაღაც პროცესისკენ სვლა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის.
"პირადად ჩემთვის ძალიან გასაგები იყო გზავნილები. ალბათ, ბევრისთვის უჩვეულოდ კრიტიკული იყო მისი შეფასებითი ნაწილი. ბევრ საკითხზე საკმაოდ მწვავე იყო მისი შეფასება. მათ შორის, როდესაც საუბრობდა კრიზისული ვითარებიდან გამოსავალზე, დემოკრატიის გზაზე, საფრთხეები და ასე შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის “, - აცხადებს ბესელია.
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პოლიტიკურ სუბიექტს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
"ყველა მხარე, ვინც გაემიჯნება ამ პროცესს, რომელიც შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკურად უკიდურესად დაზარალდება,"- აცხადებს სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რაც ზურაბიშვილმა თქვა, სწორი გზავნილები იყო.
"კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა "ქართული ოცნების“ განცხადებებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცესის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მაინც არსებობს.
"პრეზიდენტის განცხადებები იყო აბსოლუტურად ადეკვატური, მიზანი იყო ძალიან კეთილშობილური, შერიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მზაობა და ამ პროცესის ხელმძღვანელობა მისი მხრიდან, ვალდებულება, როგორც მან უწოდა. ყველა ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა, გახლავთ ის გზავნილები, რაზეც ჩვენს პარტიას არაერთხელ უსაუბრია - პოლარიზაციის შემცირება, რადიკალიზმის შემცირება, კომპრომისები, ერთმანეთთან დალაპარაკება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, რაზეც დღეს პრეზიდენტმა ისაუბრა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის მისასალმებელი. კონკრეტიკაზე იქ საუბარი არ ყოფილა, არ დასახულა არანაირი კონკრეტული გეგმები, მან დაადასტურა, რომ აპირებს ამ პროცესს გაუძღვეს და უკვე შემდგომი ნაბიჯები ალბათ პრეზიდენტის მხრიდან გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი არსად წასულა, ვნახეთ განცხადებები, რაც „ოცნებამ“ გააკეთა და ალბათ გააგრძელებენ ასეთი რადიკალური განცხადებების კეთებას, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენ წვლილს ამ ყველაფერში შევიტანთ", - აცხადებს მეზვრიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.
შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის", "დროას" და "ლელოს" ლიდერები მიღებაზე არ მივიდნენ.