მაქვს ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2021, 19:49 1038 ნახვა

მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა  ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად ერთიანი ძალისხმევა დაასახელა.

"ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი, ყველას ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. ყველა დღეს აქ არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რათა დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი.

"მოცემული რთული მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. პირველია ​ინკლუზიურობა. დღეს ყველაფერი არის პოლარიზებული, ყველა სფერო, ყველა დარგი და ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციები ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეებთან და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესის რომელიმე მონაკვეთში არ იქნება ჩართული, გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. მესმის სხვადასხვა მხრიდან წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას წარმოშობს და პროცესი შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა - ეს ცუდად იყო გაგებული. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში