ბათუმში გახარიას პარტიის ოფისში დაანონსებულ შეხვედრაზე ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' არ მივიდა

16 დეკემბერი 2021, 12:44 1543 ნახვა

გიორგი გახარიას თანაგუნდელები ბათუმის ოფისში ''ქართული ოცნების'', ''ნაციონალური მოძრაობისა'' და ''ლელოს'' წევრებს ელოდებოდნენ. შეთავაზების მიუხედავად პარტიების წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

„საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოჩნდა რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც სრული ძალაუფლების მოპოვება სურს, გახარიას გუნდი კი მხოლოდ მრავალპარტიულობის მომხრეა.

ირაკლი მიქელაძის თქმით, მოსალოდნელ კრიზისზე პასუხისმგებლობა ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ''ქართულ ოცნებას'' ეკისრება. 

 

''საზოგადოებას მიეცა საშუალება კიდევ ერთხელ იხილოს, რომ არც ''ქართულ ოცნებას'' და არც ''ნაციონალურ  მოძრაობას'' არ აქვს სურვილი ეს პრობლემა მოგვარდეს და კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ორივე ძალა დაინტერესებულია მხოლოდ პირადი პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებაზე ზრუნვით. ეს იყო ჩვენი საბოლოო შეთავაზება და მცდელობა, რომ ოპტიმალური გამოსავალი გვეპოვა. სამწუხაროდ არც ერთს ამის ნება არ აღმოაჩნდა.  

დღეიდან რა კრიზისიც იქნება ამ ქალაქში სრული პასუხიმგებლობა ეკისრებათ მათ და მოუწევთ ამომრჩევლისთვის პასუხის გაცემა. ჩვენ ამ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ'' - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ. 

ინიციატივის შესახებ პარტიის ლიდერმა 14 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა. მიქელაძის განმარტებით,  ბათუმის საკრებულო ბალანსის დაცვით  უნდა დაკომპლექტდეს. 

საკრებულოში მორიგი სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა დღეს ''ნაციონალურმა მოძრაობამ''. ისინი ოპოზიციური პარტიის წევრებს სხდომაზე ელოდებიან. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი