''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ

16 დეკემბერი 2021, 11:30 1547 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს, საკრებულოს აპარატს ოფიციალური წერილით მიმართეს.  ლაშა კილაბერიას განცხადებით, დღის წესრიგში დადგება ორი საკითხი - საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცების დადგენილების ბათილად ცნობა. 

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს და მოგვიანებით დაასახელებენ. მათივე თქმით, თვითმმართველობაში კრიზისია. 

''2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის მოსახლეობის 60% მხარი დაუჭირა ცვლილებებს და ოპოზიციას, შედეგად კი ''ქართული ოცნება'' გადავიდა ოპოზიციაში. მიუხედავად ამისა ,, ქართულმა ოცნებამ'' ყველანაირი მცდელობით, მოსყიდვით, დაშინებით მოახერხა და  დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა სიტუაცია. დღეს ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს და თვითმმართველობაში არის კრიზისი. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ვიწვევთ საკრებულოს სხდომას და მივმართავთ საკრებულოს აპარატს დროულად ჩანიშნოს. დღის წესრიგში იქნება ორი საკითხი:

1. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა  

2. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მიღებული დადგენილების გაუუქმება- ბათილად ცნობა. 

საკრებულოს აპარატს და აპარატის ხელმძღვანელს ეკისრება ვალდებულება კანონდებლობით უზრუნველყოს დროულად მოიწვიოს სხდომა.  

ამ ეტაპზე ოპოზიციას და ''ქართულ ოცნებას'' აქვთ 17-17 ხმა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მოვიდნენ სხდომაზე და საკუთარი პოზიცია დაასახელონ'' - განაცხადა კილაბერიამ. 

კითხვაზე აქვთ თუ არა გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხარდაჭერის იმედი, ''ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ პარტიამ უნდა დაასახელოს რჩება ოპოზიციურ ველზე თუ ''ქართული ოცნების'' მხარეს გადადის. 

დღეს პარტია ''საქართველოს'' წევრები 12 საათზე ოფისში ''ქართული ოცნებისა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს ელოდებიან. მოლაპარაკება მანდატების თანაბარ განაწილებას შეეხება. ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ. 

''როცა დავით და თორნიკე რიჟვაძეები ისევ არიან თანამდებობაზე, როცა შანტაჟის მერე ადამიანი გარდაიცვალა, ვერ დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ზის მხარე, რომელმაც ეს ჩაიდინა'' - განაცხადა ლაშა კილაბერიამ. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პირველ სხდომაზე ვერ აირჩიეს. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში