ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის პარლამენტში დახურული შეხვედრა დასრულდა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა საკითხი არ განუხილავთ.
"არანაირი არჩევნები და სხვა თემები, რეალურად, ერთადერთი თემა, რომელიც დღეს შეხვედრის დაორგანიზების დროსაც იყო გახმოვანებული და შემდეგ დღევანდელი შეხვედრის დროს, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რა მიგვაჩნია სწორად, არასწორად. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით, მათ შორის გავიხსენეთ ძველი შეთანხმებებიც, რა არ გააკეთეს მათ, არ გაგიკვირდებათ და აქეთაც ჰქონდათ მათ პრეტენზიები. რამდენად სამართლიანი იყო, ამაზე მე ახლა აღარ შევჩერდები. ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეხვედრაც ნამდვილად არ ყოფილა, ვერ გაგახარებთ. ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განხილულა, მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას მათი პოზიცია აინტერესებდა, თუმცა, საჯაროდ დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.
"პირველი მოსმენით არის ეს ცვლილებები მიღებული, რაც შეეხება მეორე-მესამე მოსმენას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია, ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადეთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, მხარეებმა ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეს.
"უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა ასე ვთქვათ, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა ქართულ ოცნებას. რასაც გვეუბნებიან, რომ 2%-იანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში. და მეორე, რომ ვთქვათ, ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მაგალითად, ანუ უფრო დიდხანს გავრცელდეს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში. მანამდე იყო 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30ზე პრინციპი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებები გახდა.
"საკონსტიტუციო ცვლილებები იყო 19 აპრილის დოკუმენტის ნაწილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ შევძლოთ, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. იცით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები იყო "ქართული ოცნების" მხრიდან და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ეს შეხვედრა შემდგარიყო", - განაცხადა ბოკუჩავამ.
"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე და გავცვალეთ ჩვენი პოზიციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, რომელიც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ეს იყო პირველი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები", - განაცხადა ჯაფარიძემ.