საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება თავად აირჩიონ მოკავშირეები - იენს სტოლტენბერგი

15 დეკემბერი 2021, 13:40 853 ნახვა

ნატო-ს გენერალურმა მდივნის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს  მოკავშირეები, რუსეთს კი არ აქვს უფლება უკარნახოს. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

''საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. რიგაში ნატოს წევრმა ქვეყნებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გამოიყვანოს სამხედრო ძალები.

დღეს ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის სამხედროების მობილიზაცია უკრაინაში, მის გარშემო და მისი დესტაბილიზაციური აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. შევთანხმდით, რომ აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილება. ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის.

საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ნებისმიერ იდეას. ეს იდეები ისტორიას ჩაბარდა და ასე უნდა დარჩეს. ნატო გააგრძელებს პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი სწავლებებით და ინფორმაციის გაზიარებით'' - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

''ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გაიზარდოს მუშაობა. ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. NATO ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება'' - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი