ქობულეთის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა 

14 დეკემბერი 2021, 12:41 1998 ნახვა

ხმაური და დაპირისპირებაა ქობულეთის მერიასთან. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და აქტივისტებმა მერიასთან ბრიფინგი გამართეს, შემდეგ კი შენობაში გადაინაცვლეს. ისინი ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. პოლიცია ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობის მეორე სართულზე არ უშვებს. ისინი  ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

''მთელმა საქართველომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის დაკვეთით ზის ციხეში. ამას მხოლოდ  ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები არ აღიარებენ. მოპარული არჩევნების შედეგად არჩეული  საკრებულოს თავმჯდომარე,  დავით მჭედლიშვილი ადრე ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი იყო და სააკაშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა. გვაინტერესებს მისი პოზიცია, იმსახურებს  თუ არა სააკაშვილი პუტინის დილეგში ჯდომას?

 

გარდა ამისა  ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიუხედავდ, საკრებულოს არც ერთ წევრს  განცხადება არ გაუკეთებიათ. გვინდა ვკითხოთ ე.წ. კოლეგებს, რატომ არ იღებენ ხმას?'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ. 

​მოგვიანებით სამართალდამცველებმა შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, ხოლო პარტიის მხარდამჭერებს ბიუროს სხდომაზე დასწრებაზე უარი უთხრა. 

ხმაური იყო საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში. ''ქართული ოცნების'' ფრაქციის თავმჯდომარე და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა. 

''ნაციონალურ მოძრაობაში''  აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს ბრალდებებისა და კრიტიკული კითხვების მოსმენა, ამის აღსაკვეთად კი ძალას იყენებს. 

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე დასასწრებად მსურველებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ. კითხვაზე, რატომ იყო ათობით პოლიციელი მობილიზებული შენობაში, დავით მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

''ქართული ოცნების'' წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციის მიზანი მხოლოდ პროვოკაციაა და სწორედ ამ მიზნით სურდათ ბიუროს სხდომაზე დასწრება და არა ქობულეთისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტა. 

დღეს, 12 საათზე ქობულეთის საკრებულოს ბიურო სხდომა გაიმართა. პარალელურად შენობის წინ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ჩატარდა. 

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში