ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში

13 დეკემბერი 2021, 14:33 1076 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის მერიაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოდან ელგუჯა ბაგრატიონი და ლევან ანთაძე   მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა არჩილ ჩიქოვანი მათ არ შეხვდა. მერის კაბინეტს კი სამართალდამცავები იცავდნენ. პოლიცია ბათუმის მერმა შენობაში   საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოიძახა. რეზო ხარაზი  და კიდევ რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა არჩილ ჩიქოვანთან. მათ მერისგან მუნიციპალური სამსახურის უფროსის მოადგილის ბესარიონ ცეცხლაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით განმარტებები და მისთვის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს.  მერის განცხადებით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და გადაწყვეტილებას მისი შედეგის შესაბამისად მიიღებენ. მერიაში განმარტავენ, რომ ბესარიონ ცეცხლაძეს იარაღის ტარების უფლება აქვს.  ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ  მერიის თანამშრომელი  სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღით არ უნდა დადიოდეს. კამათი სიტყვიერ  დაპირისპირებაში გადაიზარდა, მერიაში სამართალდამცავები გამოიძახეს და საკრებულოს წევრებს მერის კაბინეტი მათი დახმარებით დატოვებინეს.   შეგახსენებთ, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეს ბიზნესმენი იარაღით მუქარაში ადანაშაულებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი