უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში არ დაუკონკრეტებიათ, რაში მდგომარეობს დისციპლინური სასჯელი და რამდენ ადამიანს დაეკისრა.
„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გარემოებებთან დაკავშირებით სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციამ სექტემბრის ბოლოს სამსახურებრივი გამოძიება ჩაატარა. გამოძიების ჩატარების პერიოდში სასაზღვრო განყოფილების, სასაზღვრო დანაყოფისა და სამხრეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი შემადგენლობიდან თანამდებობის პირებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ვერ გავასაჯაროებ გამოძიების ყველა დეტალს, ვინაიდან მასალები შეზღუდული წვდომის ინფორმაციას შეიცავს, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ მოცემულ ფაქტზე სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. დავამატებ, რომ გამოძიების შედეგად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ზემოაღნიშნული განყოფილებებიდან და ორგანოებიდან თანამდებობის რამდენიმე პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა“, – განაცხადა დემჩენკომ.