ბათუმის საქალაქო სასამართლოში 26 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 4 პირის პროცესი მიმდინარეობს

08 დეკემბერი 2021, 12:45 1350 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 26 ნოემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

4 პირი, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლით დააკავეს.

ოქმის შემდგენი სამართალდამცავები ოთხივე პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას, წინააღდეგობას უწევდნენ დაკავების დროს პოლიციელებს და აგინებდნენ.

ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მეტი სანდოობისთვის სამხრე კამერების ჩანაწერი ვერ წარმოადგინა.

დაკავებულებს შორისაა გია ხალვაში. მისი განცხადებით დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, მათ შეეზღუდათ გამოხატვის უფლება. ამბობს, რომ ისინი 26 ნოემბერს ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ და უმაღლეს საბჭოში ქალაქის მომავლის ბედი წყდებოდა.

მხარეებმა დღეს სასამართლოზე ვიდეომტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. სადაც ჩანს აქციაზე  ოთხივე პირის დაკავების პროცესი.

სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში