დააკავეს სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს გასცემდნენ - სუსი

03 დეკემბერი 2021, 15:10 3072 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო ''ფაიზერის'' ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, მოქალაქეს მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.

''გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.

ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად.

ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი