ქობულეთში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა მერიასთან ბანერი მიიტანეს - ''თავისუფლება მიშას'', ასევე გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ისინი საკრებულოს სხდომებს დაესწრებიან და ორ საკითხს დააყენებენ. ეს არის თორნიკე რიჟვაძის მამის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ლაშა კომახიძის თქმით, გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის სისტემის მსხვერპლია, ახალი მოწვევის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ითანამშრომლებენ, თუ მზაობას დაინახავენ.
''დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები მუშაობას იწყებენ, თუმცა ჩემი აზრით ეს ყველაფერი ფარსია. ეს არის ''ქართული ოცნების'' მორიგი ბინძური საქმეების ''გაპრავება''. ამ ყველაფრის მთავარი ინდიკატორი არის ორი ფაქტი: ნუგზარ ფუტკარაძე, მისი სიცოცხლე ''ოცნებამ'' შეიწირა და მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მთავარი რეფორმატორი არ უნდა იჯდეს ციხეში. ჩვენი საკრებულოში შესვლის ერთადერთი მიზანია, ეს საკითხები დავაყენოთ და მოვითხოვოთ თორნიკე რიჟვაძის მამის პასუხისგებაში მიცემა. ასევე ოფიციალურ დონეზე მოვითხოვოთ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ის დღეს პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვეა.
ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან, გიორგი გახარიას პარტიასთან. უბრალოდ მათგანაც უნდა ვხედავდეთ მზაობას და ქმედით ნაბიჯებს, თუ არიან მზად ებრძოლოს ''ქართულ ოცნებას'' - ლაშა კომახიძე
''ქართული ოცნების'' წევრის დავით მჭედლიშვილის განცხადებით, ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.
''დარწმუნებული ვართ, რომ სწორი მიმართულებით იმუშავებს ახალი საკრებულო. მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. გვაქვს მოლოდინი, ისევ შევინარჩუნებთ უმრავლესობას, ეს დამოკიდებული არის დეპუტატების ნებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ერთიანი, რაც ისევ ქობულეთს მოხმარდება.
თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევანი ჩემს კანდიდატზე შეჩერდება, გავაგრძელებ იმ პასუხისმგებლობით და შრომისმოყვარეობით ზრუნვას, რასაც აქამდე ვაკეთებდი'' - განაცხადა მჭედლიშვილმა.
ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა.
საკრებულოში 39 დეპუტატია. ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' 13 მანდატი ერგო, ''გახარია საქართველოსთვის'' 2 მანდატი და ''ქართულ ოცნებას'' 24 .