იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის.
მოქალაქეებმა უნდა გადმოწერონ აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.
უწყების ცნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.
''აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:
ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს
უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს
თქვენი ინფიცირების სტატუსს'' - წერია ინფორმაციაში.
აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ლინკები: iPhone – apps.apple.com და Android – play.google.com
საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.