რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან, გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს - ნიკა მელია

26 ნოემბერი 2021, 13:34 1099 ნახვა

ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

"ყველაფრის მიუხედავად ბათუმში პირველი ტური დასრულდა და ხმები გადანაწილდა ისე, რომ ოპოზიციას ერგო 19 მანდატი და ხელისუფლებას 16.  განსაკუთრებით უმძიმესია ის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ეს არ დარჩება რბილად, რომ ვთქვათ, ადამიანის მკვლელობა შეუმჩნეველი საზოგადოების მხრიდან. ნუგზარ ფუტკარაძე ჩვენი გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი, რომელთანაც აწარმოებდნენ შანტაჟის ენით საუბარს და მან სიცოცხლეშივე  მოახერხა და დატოვა მტკიცებულება, როგორ სთავაზობდნენ 100 000 დოლარს. ადამიანი მიიყვანეს სიკვდილამდე, ნებისმიერისთვის ეს პროცესი ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. და რას გვეუბნება დღეს ხელისუფლება? ჩვენ რა შუაში ვართ, ვიღაც თუ ფულს სთავაზობდაო...  ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი, არ ვერიდები ამ სიტყვას. მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია გამოცალა.  გარდა ამ რეჟიმის მსახური ზონდერ პოლიციელებისა.

ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.

ქუჩა მოდის აბსოლუტურად მთელი თავისი სიმძლავრით მოქმედებაში. ქუჩა, სადაც არაძალადობრივად წყდება ოლიგარქის მიმტაცებელი რეჟიმის ბედი. როცა ამას კადრულობ და უარს ეუბნები დემოკრატიულ წყობილებას, მთელი საქართველო იწყებს ბრძოლას ქუჩიდან.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დატყვევებული არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვიბრძვით"-განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან და ბრძოლა იქნება უწყვეტი, დისციპლინირებული და მოედება მთელს ქვეყანას.

„ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ნუ იჩქარებთ. მთავარია, რომ უწყვეტი ბრძოლა გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღე აქცია შეიძლება არ ჩატარდეს, ვიღაცა წავიდა სადღაც სხვა საქმის საკეთებლად, არავითარ შემთხვევაში. ბრძოლა დაიწყო იმ დღიდანვე და იმ წუთიდანვე, როდესაც რეჟიმმა ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა, გააყალბა, მიიტაცა არჩევნები და სახელმწიფო, მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორი მოცემულობა არ შეიცვლება და არ მოწესრიგდება ორივე მხრივ მდგომარეობა, არავინ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი და პარტიის წევრი არ აპირებს გულხელდაკრეფილ ლოდინს იმისას, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში