''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადებით, ტყუილია ექიმების გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამაზე ეკატერინე ტიკარაძე თავად გააკეთებს განმარტებას.
მან ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმს "ფეიკი" უწოდა.
"ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ,,ფეიკი'' და ავრცელებს ,,ფეიკებს'' ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ტუილი გაავრცელეს. ამაზე მინისტრი თვითონ გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, არამედ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მისი გათავისუფლების გარკვეული შანსები შექმნან.
''ინდა გითხრათ, ამის მთავარი მიზეზი რა არის – მთავარი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის სერიოზული რისკები. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ, თუნდაც, მალე, რაც ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება რისკებს, როცა საქმე გვაქვს ასეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ასეთ დროს არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება, ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს და ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.