მოვითხოვთ ჩაინიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა - ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის კვოტით შესულმა დეპუტატებმა, დღეს, ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პროცესი დროში ჭიანურდება.
''ლელოს'' წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ''ქართული ოცნება'' გეგმავს, 2022 წლის ბიუჯეტიც ძველი მოწვევის საკრებულოს დაამტკიცებინოს, რაც მიუღებელია. დღევანდელ სხდომაზე კი განიხილება ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც კორუფციის ნიშნებს აჩენს.
''გამოტანილია ბევრი ისეთი საკითხი, სადაც რეალურად კომპანიების წინაშე ხარკს იხდიან. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები. ''ქართული ოცნება'' მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს დრო, რომ ახალი მოწვევის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაც ოპოზიციონერი დეპუტატია, ვერ შეძლოს ამ საკითხების განხილვა. დღეს მთავრობისთვის 34 ბინის გადაცემის საკითხი განიხილება, რომელიც შემდეგ ამ ბინებს ერთ ლარად დაარიგებს. ეს არის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც კორუფციის ნიშნებს აჩენს. ჩვენ მოვუწოდებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ხელისუფლების ყველა შტოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ უკანონობაზე, ეს იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური დანაშაული ბათუმელების წინაშე, ამიტომ დროულად ჩანიშნონ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.
ჩვენი საქმიანობის დაწყება დამოკიდებულია პირველ სხდომაზე. ბიუჯეტის საკითხს ველოდებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის განხილვასაც ძველი მოწვევის საკრებულო აპირებს, რისი მორალური და პოლიტიკური უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ეს არის კიდევ ერთი საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რის დაშვებასაც არ ვაპირებთ. დღეს გამაფრთხილებელ განცხადებას ვაკეთებთ, ხვალ ასე არ ვიდგებით და მიიღებენ წინააღმდეგობას. მობილიზებული ,,ტიტუშკები'' და ,,ტროლები'' ვერ უშველიან მათ. ჩვენი პოზიცია იქნება სამ ოპოზიციურ ჯგუფთან შეთანხმებული, რომლებიც საკრებულოში არიან. ვაპირებთ ვიმუშაოთ ბათუმელების საკეთილდღეოდ'' - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ოპოზიციური პარტიის წევრებს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი პასუხობს. ნატალია ზოიძის თქმით, სანამ ოლქი ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომის თარიღს დაასახელებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. ის ოპოზიციის წევრებს ურჩევს საქართველოს კანონმდებლობას გადახედონ.
რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტის საკითხს, დეპუტატის განმარტებით, თუ საკითხი შემოვიდა იმსჯელებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაამტკიცებენ.
''მინდა ყველას მოვუწოდო გადახედონ რეგლამენტს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაფერისად. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ პირველი სხდომა ახალი მოწვევის საკრებულოსი უნდა ჩანიშნოს საარჩევნო ოლქმა. სანამ ოლქი დანიშნავს პირველი სხდომის თარიღს, მანამ ძველი საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს საქმიანობა. მათ, შორის შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, გადაეცეს ბინები საკუთრებაში მოქალაქეებს. ძველ საკრებულოს ფუნქციონირების უფლება აქვს სანამ არ შედგება პირველი სხდომა.
ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მოვალეობის შესრულებას. ძველი მოწვევის საკრებულო მოვალეობის შესრულებას დაასრულებს, მაშინ როცა ახალი მოწვევის საკრებულოზე ცნობად იქნება მიღებული მათი უფლებამოსილება.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, როდესაც შემოდის ინიციატივა მერიიდან, საკითხები რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებას ეხება, ბუნებრივია ვალდებულებიც ვართ, უფლებაც გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა განხილვაში. მხარი დავუჭიროთ ან პირიქით. ის, რომ შესაძლებელია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდეს ძველი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების პერიოდში, არ ნიშნავს იმას, რომ იქნება მიღებული, რადგან ამას ჯერ სჭირდება მხარდაჭერა და თუ მხარდაჭერა იქნება, ბუნებრივია, ესეც არ არის კანონდარღვევა. ისიც კი ახსოვს საზოგადოებას 31 დეკემბერს დაუმტკიცებიათ ბიუჯეტი'' - განაცხადა ნატალია ზოიძემ.
ცესკოში აცხადებენ, რომ სხდომის ჩანიშვნის ბოლო ვადა 13 დეკემბერია.