მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, იგი მსჯავრდებულია გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე - პროკურატურა

10 ნოემბერი 2021, 18:07 883 ნახვა

7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, რაც არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იგი გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, არის მსჯავრდებული - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტი სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

"დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება.

აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობს, რადგან იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება კვლავ შეზღუდული აქვს. 

"ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი