ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება.
„აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი მომავლის ერთგულ ხელშემწყობად რჩება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება, რათა შეისწავლოს რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ან მის შედეგად გამოწვეული ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.