ანასტასია შატალოვას ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. პაატა შავაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვან შვილს, რომელიც ამ ეტაპზე მამის, ზურაბ ბერიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფება, სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ადვოკატი სასამართლოდან უკან გამოიხმობს საქმეს, რომელიც ძალადობას უკავშირდება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს ახალგაზრდა ქალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართა.
''თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია, ანასტასია შატალოვას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. ჩვენგან მალულად, ისე რომ ჩვენი ინფორმირება არ მოხდა, მოსამართლე ვალერიან ფინიშვილმა დაუნიშნა ბავშვს სახაზინო ადვოკატი, ანუ რეალურად მისცა შესაძლებლობა ბავშვის მამას, ბავშვის სახელით ადვოკატს დაავალოს და გაიხმონ ეს განცხადება. წავიდა მცდელობა იმისკენ, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო მცდელობა შეინიღბოს. მოსამართლეს უფლება არ აქვს, უარი უთხრას მხარეს ან უთხრას, რომ გაიხმოს სარჩელი.
ახლა ისმის კითხვა რა ეშველება ამ საკითხს? აქ ხომ პრაქტიკულად ილახება მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები? ვფიქრობ, ეს არის მცდელობა შეინიღბოს ამ დავის ეს ნაწილი. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი. თუ ბავშვის სახელით იყო შეტანილი, ახლა სხვა ადვოკატი ჰყავს ბავშვს, ბავშვი მამასთან არის და როგორც უნდა ისე ,,აცეკვებენ'' ამ ადვოკატს. ამიტომ ეს საკითხი პრაქტიკულად განწირულია'' - აცხადებს პაატა შავაძე.
ადვოკატის თქმით, გამოძების საკითხი ჩიხშია მოქცეული. ამ დრომდე არ არის დაკითხული ბავშვის ძიძა. პაატა შავაძე ამბობს, რომ მას ასევე არ აწვდიან საქმის მასალების ასლებს.
''გამოძიება დამკვეთის დადგენის ნაწილში, პრაქტიკულად თაროზე შემოიდო, გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოძიება არ ხდება. მიმართვა გადაგზავნილი მაქვს შოთაძის სახელზე და პასუხის ღირსადაც არ გაგვხადა არავინ, საქმის მასალების ასლები დღემდე არ მომწოდებია და არც დამიძახეს გასაცნობად.
გარდა ამისა, ოჯახს აინტერესებს რატომ არ არის დღემდე დაკითხული ბავშვის ძიძა. იმ ფონზე, როცა დედა განმარტავს, რომ მაქვს ძიძის მხრიდან მონაწერები, რომლებიც ძალადობის შესაძლო ფაქტებს უკავშირდება. საინტერესოა რატომ ამჯობინებენ ისინი დუმილს. ვიღაცეები დაკავებული ჰყავთ, დაპატმრებული, არ ვიცით რამდენად აქვთ შეხება ამ ადამიანებს ამ საქმესთან და ხომ არ არის ეს საგამოძიებო უწყების მხრიდან ''ხელ-პირ მობანის'' მცდელობა. რომ საქმე თითქოს გახსნეს?!'' - აცხადებს შავაძე.
18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 27 წლის ქალი მოკლეს. ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს დაადასტურა, რომ საქმეზე სამი ადამიანი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში სამ წლამდე ასაკის შვილთან ერთად ცხოვრობდა