ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე

05 ნოემბერი 2021, 23:05 926 ნახვა

ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში,  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბგერაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში, შესაძლო იყო, პროცესისთვის ხელი შეეშალათ და ჩართული იქნებოდა 500-600 ადამიანი. ბუნებრივია, ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და უამრავი სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გაყვანილი იქნება თუ არა ის სასამართლო დარბაზში, გიპასუხებთ – მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით. არსებობს მსგავსი პრაქტიკა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილზეც, მკაცრი რეკომენდაცია იქნება, პატიმარი არ იყოს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი