აჭარის ბიუჯეტი 436 მილიონი ლარით განისაზღვრა - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად ბიუჯეტი იზრდება.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 135 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
''ბიუჯეტი არის უპრეცედენტო ისტორიულ მაქსიმუმზე - 436 მილიონი ლარით განისაზღვრა. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერს, რომლის საერთო მოცულობა 135 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამ დაფინანსების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგემება. რომლითაც რეგიონის ათასობით მცხოვრები ისარგებლებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ბიუჯეტი გავხადოთ აჭარაში მცხოვრები თითოეული ოჯახის განათლების, დასაქმების, უკეთესი პერსპექტივისა და რაც ყველაზე მთავარია, შემოსავლების ზრდის ბიუჯეტი. ის სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით არის დაგეგმილი'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული პროგრამისთვის, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე''. ასევე იგეგმება ''ოცნების ქალაქში'' მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება.
''მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, ''ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'' პროგრამისათვის. დაიწყება პირველი 630 ოჯახის დაკმაყოფილება. ჩვენი გეგმის თანახმად 2025 წლისთვის ამ დაფინანსების ფარგლებში მოხდება 3 000 მეტი ოჯახის უზრუნველყოფა საცხოვრისით. ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ყველა ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახის პრობლემას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ქობულეთში, შესაბამისად იწყება ბათუმში არსებული გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვა. დაფინანსების ფარგლებში იწყება, მხოლოდ ბათუმში, სამი ახალი ბაღის მშენებლობა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის გათვალისწინებული სკოლებისა და ბაღების მშენებლობა.
წლის ბოლომდე, ჩვენ ველით, რომ ''ოცნების ქალაქის'' მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება და 582 ოჯახს გადაცემა ბინა, მეორე ფაზის განხორცილებისთვის კი 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული. უკლებლივ ყველა ოჯახი, ვისაც ამის საჭიროება აქვს დაკმაყოფილდება'' - განაცხადა რიჟვაძემ.