„დელტას“ ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“ გაიხსნა, რომელიც ადგილზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს.
პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე და დაპირება, რომელზეც მუშაობა 1 წლის წინ დაიწყო.
„თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. ჩამოტანილია ამერიკული უმაღლესი დონის ჩარხი დანადგარები. ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია. ავტომატის ყველა დეტალი მზადდება აქ. დღეს ოფიციალურად გავხსენით ეს საწარმო და დავიწყებთ m4-ის ტიპის g4-ების წარმოებას. მე ვულოცავ „დელტასა“ და თავდაცვის სამინისტროს ამ საწარმოს გახსნას. ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.