30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ქვეყანაში პოლარიზაცია და იგი განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ - ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:39 981 ნახვა

მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 000-ობით ადმიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეკრიბა - ასე მიმართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეის კარნახით მოქმედებს.

"პარტია  "ქართული ოცნება" მომართულია უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისა და ქვეყნის წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება,  ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, ჩვენი ოცნებაა, საქართველო ძლიერი ქალაქებით, სოფლებით, ძლიერი ოჯახებით, გავხდეთ ერვოპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, 30 ოქტომბერს მათ უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.

"დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი ციხეში იხდის დამსხურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის 2 ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას. შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და იგი განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისათვის აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ.

30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს, არეულობასა და მშვიდობას შორის, წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი