საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

21 ოქტომბერი 2021, 12:12 1150 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი.

უწყების ცნობით, ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა და ოპერაციაში 110 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ისინი თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

''ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულ იქნა 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოთხოვილ იქნა ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს.

საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ: 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი.

ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.

ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია'' - განაცხადეს პროკურატურაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში