არქიტექტორები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

13 ოქტომბერი 2021, 12:08 2884 ნახვა

8 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სპეციალისტები ითხოვენ გამკაცრდეს მშენებლობებზე მონიტორინგი. განმარტავენ, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტის განმეორების დიდი ალბათობაა, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი.

ამბობენ იმასაც, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით არის ზერელე მიდგომა.

არქიტექტორ მამუკა სალუქვაძე, რომელიც ბათუმის გენერალურ გეგმაზეც მუშაობს, აცხადებს, რომ ქალაქში ქაოსურ განაშენიანებასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა

''არის ავარიული სახლების პრობლემაც, საფრთხის შემცველი შენობებისა და საცხოვრისის, ბუნებრივია, უსახლკაროთა პრობლემა, რომელიც მოკლე პერიოდში უნდა გადაიჭრას. ამას ებმის კანონმდებლობა, რომელიც ასევე დასახვეწია და არ არის სრულყოფილი. გამოითქვა მოსაზრება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების თაობაზე, რასაც ვეთანხმები. ბევრი რამ, რასაც დღეს ვიმკით, ეს არის სწორედ 2000-იანი წლების ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელმაც მათ შორის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დასუსტებაც გამოიწვია. საშუალება მისცა კერძო მესაკუთრეებს, საერთოდ საქმის კურსში არ ჩაეყენებინათ გარკვეულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური სტრუქტურები.

მიშენებები, დაშენებები გუშინ ხომ არ გვინახავს?! ძალიან კარგად ვიცით, რომ 90-იანი წლებიდან მოგვყვება. რა ხარისხით არის გაკეთებული და როგორ არის, ამაზე თითქოს ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და ვიცით, რომ ძალიან საშიშია. ისიც ვიცით, რომ გარდა იერსახის დამახინჯებისა, სწორედ უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება ეს ყველაფერი და თუ გვინდა კატასტროფიდან კატასტროფამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, აუცილებელია, სახელმწიფომაც მიხედოს ამ საკითხებს“,- განაცხადა სალუქვაძემ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი