საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით, 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 21 მარტის პერიოდში ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი.
ნათია თურნავას თქმით, შეღავათებით გავრცელდება იმ პირებზეც, ვინაც გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა. ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში.
''მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფო ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ჩვენ კი ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით სუბიექტებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი.
ჯამში საუბარი არის 5 მილიონ ლარზე. ამას ემატება გადაუხდელობის ან დაგვიანების გამო დარიცხული ჯარიმა ერთი მილიონი ლარი. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა ქვეყანას და რაც ადამიანების გადახდისუნარიანობაში აისახა.
იმისთვის, რომ ჩვენ სრული სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, მათ მომავალში ეს შეღავათი გადახდილად ჩაეთვლებათ, ანუ მომავალ გადახდებში ისარგებლებენ, რაც აბსოლუტურად სწორია იმიტომ, რომ ყველას თანაბრად უჭირდა“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.
„კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით მაშინვე იყო პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული. ამ კანონით დაგვევალა ჩვენ ამ წესის შემუშავება, შესაბამისად, კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ვასრულებთ, რომელიც არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.