საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის სტაბილურობა და არა ძალადობა და პოლარიზაცია.
''ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება. ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.
მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.
ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა - არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.
ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.
ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:
ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს - მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.
ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.
და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა.