აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა - ირაკლი ღარიბაშვილი 

30 სექტემბერი 2021, 12:32 991 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად ორი მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

პრემიერის განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება. ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია.

ღარიბაშვილის განცხადებით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1 300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას, ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული ამ პროგრამების შექმნაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში