ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო - თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა - დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, სხვა რა გითხრათ, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას 10 გამოცდილი პოლიციელი სჭირდება.
„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას.
მეორე - მე ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, კულმინაციური მომენტი როცა იყო, ივლისის თვეში, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ.
სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს.
მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი, არ მოხდეს კანონის აღსრულებაში ხელის შეშლა და ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.