გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით ''ქართული ოცნება'' არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ე.წ. კარუსელების დატრიალებას გეგმავს.
ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, მმართველი გუნდის წევრები ამისთვის ძირითადად იმ ადამიანების ხმებს გამოიყენებენ, რომლებიც სხვადსხვა მიზეზის გამო ქვეყანაში არ იმყოფებიან. ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები.
ოპოზიცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებენ, ყველა ამომრჩეველი კედლის სიაში გადაამოწმონ.
''ბოლო დღეების განმავლობაში კარგად ვხედავდით რას აკეთებდა ''ქართული ოცნების'' შტაბი. რეალურად საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა კრიმინალური პოლიცია და სუსი. ისინი ეძებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ვერ შეძლებდა არჩევნებზე მისვლას. ამისთვის იყენებდნენ სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, ასევე კარდაკარ ხდებოდა მათი გადამოწმება. ეს ყველაფერი კი ერადერთ მიზანს ემსახურებოდა. მათი სურვილი და გეგმაა იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ მონაწილეობა და მისცენ ხმა ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას.
ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელების დატრიალებას გვიპირებენ ბათუმის 103-ე საარჩევნო უბანზე. ოპოზციურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შემოსასვლელ კარს და ყველა ამომრჩეველი აუცილებლად გადამოწმდეს კედლის სიაში.
''ქართული ოცნებას'' მოვუწოდებთ ბათუმში კარუსელების დატრიალებისაგან თავი შეიკავონ. ბოლომდე მზად ვართ იმისთვის, რომ ბათუმელების ნება იყოს გამოხატული და საზოგადოების ნება შემაჯამებელ ოქმებში იყოს ასახული'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ.