პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, თუკი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს „ქართულ ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “ოცნების” “მაშველი რგოლია”, რომელსაც მომხრეების მობილიზაციისთვის იყენებს.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ ამბავი და „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარია.
''თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული „ოცნებასთან“. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს. ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს. როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი.
არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა, თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაჩენენ, გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როდესაც გაუჭირდებათ. ამიტომ ორი ოპცია არსებობს აქ. პირველი, თუ მოხდა სასწაული, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება მოხდა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ოცნებასთან შეთანხმებულია. მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მოხდება ამის შემდგომ, „ოცნება“ რასაც იკადრებს, იგივე, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტია. აგერ, ვნახავთ ყველანი ერთად“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, მოჰყვება თუ არა, სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო ზეწოლა, გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ იქნება.