საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც საყურადღებოა.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოსალოდნელი მეხუთე ტალღის თავიდან ასაცილებლად კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„განსაკუთრებით საყურადღებოა მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. ბოლო ერთი კვირაა, დღის განმავლობაში დაახლოებით 11-12 ათასი აცრა ტარდება. უპირატესად არის მეორე დოზებზე აცრები, პირველ დოზებზე მოსულ პირთა რაოდენობა იკლებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავზარდოთ კვლავ ვაქცინაციით მოცვა, ვაქცინაციის ტემპი, რათა სწრაფად გავიაროთ ამ ტალღის დარჩენილი პერიოდი, ასევე თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში.
''ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად გავიდეთ გარეთ და მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს ერთდროულად, ან ბიზნესგარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, დავეხმაროთ მათ იმაში, რომ აღარ ჰქონდეთ აცრაზე უარის თქმის საფუძველი. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - აცხადებს გაბუნია.