გადასატან ყუთზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნაწილს გადაადგილების პრობლემა არ აქვს - ''ნაციონალური მოძრაობა''

24 სექტემბერი 2021, 11:50 329 ნახვა

''​ნაციონალური მოძრაობის'' ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ვიდეო-ჩანაწერებს ავრცელებს, რომელზეც მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ოქტომბრის არჩევნებზე, გადასატანი ყუთით მოსარგებლე მოქალაქეებია გადაღებული.

კადრებიდან ჩანს, რომ მათ გადაადგილება შეუძლიათ. ნაწილი ამბობს კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში უბანზეც მივა. არც იმას მალავენ, რომ გადასატან ყუთზე ''ქართული ოცნების'' პარტიის წარმომადგენლებმა დაარეგისტრირეს.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მასთან პირადად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია დიასამიძე მივიდა.

ოპოზიცია მმართველ პარტიას მოახლოებული არჩევნების გაყალბების მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

''ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე მოუწოდებს საუბნო, საოლქო კომისიებსა და ცესკოს, აღნიშნული პირები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ გადასატანი ყუთის სიებიდან დროულად ამოიღონ.  წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარს პროკურატურაში შეიტანენ.

83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 25 სექტემბრის შემდეგ სიები გადამოწმდება. 

''შეიძლება დარეკოს მოქალაქემ და გადასატანი ყუთი ეკუთვნოდეს, ან შეიძლება დარეკოს და არ ეკუთვნოდეს. ამის შესახებ საუბნო კომისიები დროთა განმავლობაში ინფორმაციას გვაწვდიან. 25 სექტემბრის შემდეგ, ორი- სამი დღე არის საჭირო სიების გადასამოწმებლად. შემდეგ მონაცემები გაიშიფრება და დადგინდება ეკუთვნის თუ არა მოქალაქეს გადასატანი ყუთით სარგებლობა'' - აცხადებს ომარ ვარშანიძე. 

''ქართულ ოცნებაში'' გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადეს, რომ თუ რეგიონში მსგავსი რამ ხდება ცესკოსგან დროული რეაგირებაა საჭირო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი