ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურისა და მერიის ცხელ ხაზზე ჯამში 700-დე ზარი შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ დატბორილი ოჯახების დასახმარებლად ქალაქში სხვადასხვა ადგილას ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალური სამსახური მუშაობს. კონკრეტული თანხა რა ზარალი მოუტანა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმის მოსახლეობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მერია დატბორილი ოჯახების შესწავლას დაასრულებს. მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს მოსახლეობას, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებით, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში. ძლიერი წვიმის შედეგად თიდიგაურის დასახლების 90 ნომერში კედელი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლელა სურმანიძის თქმით, ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, ტერიტორიას კი გეოლოგები სწავლობენ.