''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზის განცხადებით, ხელისუფლებამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 55 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პლაჟი არ არსებობს და დანგრეულია. საუბარია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. რეზო ხარაზმა ბრიფინგი, დღეს, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართა.
მისივე თქმით, ეს პროექტი კორუფციულია.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებულ პროექტს გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძულის აშენებას ეხება.
"ხელისუფლებამ, რომელმაც 55 მლნ ლარი დახარჯა ამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, რომელიც უკვე დანგრეულია, ხელისუფლებამ, რომელმაც 60 მლნ ევრო ჯიბიდან ამოუღო ადლიის მაცხოვრებლებს, ხელისუფლებამ, რომელმაც გონიოს ახალი ბულვარი ვერ განავითარა, ახლა გამოდის და ამბობს ახალ ინიციატივას, თითქოს ბათუმში ახალი კუნძული უნდა ააშენოს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ამ ქალაქში, სად წაიღეს 55 მლნ ლარი, რატომ ვერ განავითარეს გონიოს სანაპირო ზოლი.
რა ზღვის კუნძულებზე ლაპარაკობს, ქვეყანა არის უკიდურეს გაჭირვებაში. ეს არის ბათუმელების დაცინვა და ამ განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს" - განაცხადა რეზო ხარაზმა.
გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული აშენდება. მისივე თქმით, ინვესტორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მშენებლობა ძალიან მალე დაიწყება და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ''ნაციონალურ მოძრაობას'' გაკოტრებული ოპოზიცია უწოდა, რეზო ხარაზს კი არასერიოზული პოლიტიკოსი.
''ხარაზი არის ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსი, ვინც კი ბათუმში მოღვაწეობს. ადამიანი მაბრალებს მე პირადად კონკრეტულ პროექტს, რომელიც დასრულდა. მეორე, ეს არ განხორციელებულა აჭარის მთავრობის არც ერთი უწყების მხრიდან. ეს არის წარმატებების გადაფარვის მცდელობა. გუშინ რამდენიმე ახალი პროექტი და ინიციატივა დავაანონსეთ, ამიტომ ყოველდღიურად გაკოტრებულ ოპოზიციას უწევს საუბარი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.