„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები ,,ნაციონალური მოძრაობის'' ჩატებიდან - კობახიძე

15 სექტემბერი 2021, 17:23 1252 ნახვა

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები ,,ნაციონალური მოძრაობისა'' და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ,,ნაციონალური მოძრაობის'' ოფისებიდან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების წინ უპრეცედენტოდ სიმშვიდეა, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს აშფოთებს.

''სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის - სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ,,ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება'' - აცხადებს კობახიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

''მოვუწოდებთ ,,ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში