სასამართლომ გიგა მაქარაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა

10 სექტემბერი 2021, 19:55 1250 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია GDI ავრცელებს, რომელიც მაქარაშვილს უფლებებს იცავს.

3 ივნისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შესვლას და პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

GDI აცხადებს, რომ გიგა მაქარაშვილი შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა, რა დროსაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციის თანამშრომლებმა ხელები გადაუტრიალეს და დააკავეს, რა დროსაც აქტივისტს ხელი მოტყდა.

ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ პუნქტით.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების ამოღებას, პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებ შენობაზე განთავსებული ვიდეო კამერებით გადაღებული ვიდეო ჩანაწერების ამოღებას და გიგა მაქარაშვილის დაკავების ბრძანების გამცემის დაკითხვას.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი