"ქართულმა ოცნებამ" ყაზბეგის მერობის კანდიდატი, ბაკურ ავსაჯანიშვილი წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს, თქვენ, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას.
ბატონი ბაკურ ავსაჯანიშვილი - ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ 8 წლის განმავლობაში კაცი ერთ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობდა, რა თქმა უნდა, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მის მაღალ კვალიფიკაციას და წესიერებას. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ ამპლუაში"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო სამი წელი არჩევნები აღარ გაიმართება.
„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.