ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი პროტესტის ნიშნად, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე, გაფორმების ეკონომიკური ზონაში ავტომობილებს და მომხმარებლებს არ უშვებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საქართველოდან თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ამისთვის საჭირო ნებართვების აღებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.
ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემების გამო ვერ მუშაობენ და ვერც საბანკო ვალდებულებებს იხდიან.
ისინი შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში აქციებს პერმანენტულად აანონსებენ.
მათივე განცხადებით, წინა აქციაზე უთხრეს, რომ პარასკევს ნებართვა ექნებოდათ, თუმცა პრობლემა დღესაც არ მოგვარებულა.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა, დაიწყება ორშაბათს, 13 სექტემბერს, დილის 09:00 საათიდან, სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან.
მათივე ცნობით, რაც შეეხება მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 09: 00 საათიდან, სააგენტოს სამივე ოფისიდან.