განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბრის ნაცვლად 4 ოქტომბერს დაიწყებენ.
''ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში'' - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც.