ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია - პრეზიდენტი

02 სექტემბერი 2021, 18:15 1410 ნახვა

ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია - ამის შესახებ დღეს სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მოახლოებული თვითთმართველობის არჩევნებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

"ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, თუ შიდა დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და მისი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორ ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლოებას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონიან ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.

გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპულ სესხზე თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როდესაც იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით არ შემოიფარგლება, აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალლმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობას და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლოების 80%-ს არათუ ესმის, კიდეც იზიარებს.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა.

ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში