პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საგარეჯოს მერობის კანდიდატად ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკატერინე ქვლივიძე არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სამხედრო მფრინავია.
"მისი ვაჟკაცობის, მისი შრომისუნარიანობის, პატიოსნების ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც ათასობით საგარეჯოელს, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი გაუძღვება საგარეჯოს ძალიან სერიოზული პროგრესისა და აღორძინებისკენ.
მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ახლა ჩვენ მთელი საქართველო ველოდებით, არის გადამწყვეტი არჩევნები არა მხოლოდ ადგილობრივი კანდიდატებისთვის, საკრებულოებისთვის, მერობის კანდიდატებისთვის. ეს არის პრაქტიკულად ტესტი, რეფერენდუმი იმისა, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ. ამისათვის მე მოვუწოდებ ყველას, მთავარია გავისტუმროთ ერთპარტიული მმართველობა, გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ დაუჭირეთ მხარი ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.
ჩვენ უნდა გადავიდეთ მრავალპარტიულ მმართველობაზე, ამას აუცილებლად მივაღწევთ და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, გადავალთ მრავალპარტიულ მმართველობაზე და ჩავატარებთ სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს. ქვეყანას აუცილებლად ეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან. ჭაობიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა მმართველობამ შეიყვანა. დამთავრდა „ოცნების“ დრო, საქმის დრო დაიწყო. უნდა დასრულდეს ჭაობი და ასპარეზზე შემოვიდეს ახალი ძალა, ახალი სახეები და საქმიანი ადამიანები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები: თორნიკე ჩუნთიშვილი, თამარ ყორღანაშვილი, გიორგი ჭავჭანიძე, გოჩა ლაშქარაშვილი და სულიკო გრძელიშვილი არიან.