ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ვახერხებთ -  საოჯახო სასტუმროების მფლობელების აქცია 

27 აგვისტო 2021, 13:36 1231 ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. 

საოჯახო სასტუმროების მფლობელები ხელისუფლებას საბანკო სექტორთან თანამშრომლობასა და სესხების სუბსიდირებას სთხოვენ. ამბობენ, რომ წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა და საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ. სასტუმროების მფლობელები მთავრობას მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.

მოგვიანებით მოქალაქეები მერიის შენობაში შევიდნენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილს შენობის მეორე სართული დაატოვებინეს და ცენტრალური კიბე გადაკეტეს. 

აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. 

''დღევანდელ აქციას ურეკიდანაც შემოუერთდებიან საოჯახო სასტუმროების მფლობელები, რომლებიც პანდემიის გამო ანალოგიურად დაზარალდნენ. ასევე ბობოყვათის მკვიდრები, რომლებსაც მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.  ხელისუფლება უნდა დაეხმაროს კერძო სასტუმროების მფლობელებს და უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი" - ამბობს ბაკურიძე. 

საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა 24 აგვისტოს ქობულეთის მერიის წინ გზა გადაკეტეს და ფეხით მსვლელობა გამართეს. ასევე რამდენიმე წუთით ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთი ფილიალის მუშაობა შეაჩერეს და მოქალაქეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

ქობულეთის მერიასთან იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი