საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარია არის იშვიათი, „მაზაკვალი“ მოღალატე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექსპრემიერი 2012 წლის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში.
„მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა -კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იქედან, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის პროცესებში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შსს მინისტრად, გახდა პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს.
გახსოვთ ალბათ, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს. თუნდაც კლუბების, პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, გავრილოვის ღამის მართვა, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ყველაფერი ხარჯზე განხორციელდა.
ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიისას მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას მაქსიმალურად მთელი პარტია ვაძლიერებდით და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა და ჩვენი გუნდის ფარგლებში მან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ღალატი ჩაიდინა. ამას პარტიის დამფუძნებელმაც დაარქვა სახელი. მან უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ქვეყანა ასეთ დროს პირდაპირ მიატოვა.
ალბათ, მსოფლიოს ისტორიაში ანალოგია არ მოიძებნება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ როცა, წინა დღეს ის დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი
ჩემს თვალში გახარია არის მოღალატე, მეტსაც გეტყვით, გახარია არის იშვიათი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.