არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას - შალვა პაპუაშვილი 

25 აგვისტო 2021, 11:21 980 ნახვა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი აცხადებს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია სამ ამოცანას ემსახურება. 

„ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ.

ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია სამ ამოცანას ემსახურება, რომ საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად, მეორე - არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს; მესამე რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი, მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან.

რაც შეეხება არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები. მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასებების გარეშეც, ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი